განათლების მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ ჩხენკელი არ გამორიცხავს საქართველოში კოსმოსური სააგენტოს აღდგენას და ამბობს, რომ შესაბამისი გზაც იცის, როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტი. ამის შესახებ მან პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატ დავით ზილფიმიანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, სააგენტოს ამოქმედებისთვის საქართველოს სურს მოიპოვოს Horizon Europe–ის (ევროკავშირში არსებული პროგრამა, რომელიც კვლევებისა და ინოვაციების დაფინანსებას გულისხმობს) გრანტი, რომელიმე ევროპულ სახელმწიფოსთან ერთად და ქვეყანაში კოსმოსური სააგენტო აღადგინოს.
„ის კოსმოსური სააგენტო, რომლის იდეა ჯუმბერ ლომინაძისგან (კოსმოსური სააგენტოს ყოფილი თავმდჯომარე) მოდის, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და მე კონკრეტული გზა მინდა გითხრათ, როგორ ვაპირებთ ამას [აღდგენას]. როგორც იცით, ძალიან აქტიური მონაწილეები ვიქნებით Horizon Europe-ის პროცესში და, ჩემი აზრით, სწორედ ამ პროგრამიდან ძალიან საინტერესო და რთულად მოსაპოვებელი დაფინანსება უნდა იყოს ამ კომოსური ცენტრის შექმნის მამოძრავებელი ძალა. Horizon Europe-ში საგრანტო პროექტებს, რასაც გავაგზავნით, იქნება სხვა სახელმწიფოებთან ერთად... ჩემი აზრით, ჩვენი კოსმოსური სააგენტო არ უნდა იყოს იზოლირებული, სხვა ქვეყნებთან ერთად უნდა განხორციელდეს. ამიტომ ჩვენ უნდა შევარჩიოთ პარტნიორი - კოსმოსური სააგენტო იმ ევროპული ქვეყნის, ვინც გამოთქვამს სურვილს, რომ ითანამშრომლოს ჩვენთან და შემდეგ მათთან ერთად შევიტანოთ განაცხადი ამ საგრანტო კურსზე და ... შემდეგ თუ მივიღებთ დაფინანსებას და წინ წავალთ, აუცილებელია", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
„დღეს თითქმის აღარ არის მსოფლიოში ქვეყანა, სადაც აღარ არის კოსმოსური სააგენტო. ჩამოგითვლით, რა სიკეთეები მოაქვს კოსმოსურ სააგენტოს: ეს არის დისპეტჩერი ორგანიზაცია, მეცნიერებს აძლევს დიდი მონაცემებიდან სამეცნიერო ინფორმაციას, მაშველებს ზვავებსა და მეწყერებზე აძლევს გაფრთხილებას, თავდაცვისთვის იძლევა ინფორმაციას, ხანძრებზე, ამინდზე. ჩვენ ხომ ვიცით, რომ იმ პერიოდში გაანადგურეს, ცხონებულმა ჯუმბერ ლომინაძემ შექმნა, მე მისი მოადგილე ვიყავი. დღეს ეს არის თქვენი უწყების უნივერსიტეტის ერთ-ერთი ინსტიტუტის ჩამოლაბორანტებული უწყება", - მიმართა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას ჩხენკელს.