ექსკლუზივი
Europetime-თან კომენტარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაადასტურეს, რომ შეერთებული შტატები დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის მიზნების გამოაშკარავების აქტიურ კამპანიას ახალი ინიციატივების მეშვეობით იწყებს.
Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტი უდასტურებს, რომ უწყებამ 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შტატებმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, მოსკოვის საპასუხოდ უნდა გადადგას.
„ჩვენთვის დიდი ხანია, ცნობილია, რომ რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესებს მთელ მსოფლიოში. და ჩვენ ვცდილობთ, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ძალისხმევის ფარგლებში, რუსეთი დემოკრატიული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევისა და შემცირების მიზნით, ოპერაციებს აწარმოებს.
ამ საფრთხის უკეთ გასაგებად, აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებამ ის რუსული ოპერაციები განიხილა, რომლის მიზანიც იყო, შეერყია საზოგადოების ნდობა დემოკრატიული არჩევნების მიმართ. შედეგად, სადაზვერვო საზოგადოებამ დაადგინა, რომ რუსეთის ეს აქტივობა გლობალურ მასშტაბებს იღებს. რუსეთი ცდილობს, დემოკრატიებს შიგნიდან გამოუთხაროს ძირი.
ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ საპასუხოდ. ჩვენ, ასევე ღიად ვსაუბრობთ მოპოვებულ ინფორმაციაზე. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ამ ძალისხმევის შემდგომში გასაგრძელებლად. ვცდილობთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და მდგრადობა ამ რუსული ქმედებების მიმართ. გავაგრძელებთ მუშაობას დემოკრატიულ ქვეყნებთან, რათა წინ წავწიოთ ჩვენი ქმედებები, მათ შორის ახალი ინიციატივების მეშვეობით - როგორიცაა, ეს მრავალმხრივი გამოაშკარავების კამპანია,“ - უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა Europetime-ს შეკითხვას, როგორ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატები თანამშრომლობას ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან.
შეგახსენებთ, აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ. მისაღებ ზომებს შორისაა სანქციები, ინფორმაციის გაცვლა და რუსი ჯაშუშების გაძევება. აშშ აღნიშნულ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ავალებს, ვაშინგტონიდან მიწოდებული ინფორმაცია მთავრობებს გაუზიარონ.