ისრაელი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი კიდევ ორი მძევალი გათავისუფლდა.
79 წლის ნურიტ კუპერისა და 85 წლის იოჩევედ ლიფშიცის ოჯახებს „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლების შესახებ უკვე ეცნობათ.
შეგახსენებთ, 2 ამერიკელი მძევალი რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა. ისრაელის ვარაუდით, „ჰამასის“ ტყვეობაში 200-ზე მეტი ადამიანია.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა.
„ჯო ბაიდენი მიესალმა ღაზადან კიდევ ორი მძევლის გათავისუფლებას და დაადასტურა თავისი ვალდებულება მუდმივი მცდელობების უზრუნველსაყოფად „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა დარჩენილი მძევლის, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების, გათავისუფლების მიზნით,“ - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
ჯო ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი ნაკადის შენარჩუნების აუცილებლობას და აშშ-ის დახმარების შესახებ ისრაელის პრემიერს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.
„პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რეგიონული შეკავების მიმდინარე მცდელობების შესახებ, აშშ-ის ახალი სამხედრო განლაგების ჩათვლით,“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.