შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს (THAAD-ისა და Patriot-ის ტიპის) აგზავნის. ამასთან, პენტაგონს პოტენციური განლაგებისთვის სამხედროები მზადყოფნაში მოჰყავს.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ბრძანება, რომ ჯარები მოემზადონ განლაგებისთვის, მიზნად ისახავს აშშ-მ „გაზარდოს მზადყოფნა და უნარი სწრაფად რეაგირებისთვის, მოთხოვნის შესაბამისად.“
„ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანის და მისი მარიონეტული ძალების ბოლო ესკალაციების შესახებ, პრეზიდენტ ბაიდენთან ჩემი დეტალური დისკუსიების შემდეგ, დამატებითი ნაბიჯების შესახებ ვაცხადებ რეგიონში თავდაცვის დეპარტამენტის პოზიციის შემდგომი გაძლიერების მიზნით,” - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
Wall Street Journal-ი რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ პენტაგონმა შეარჩია დაახლოებით, 2000 ჯარისკაცი ისრაელის მხარდასაჭერად პოტენციური განლაგებისთვის მოსამზადებლად. ამერიკული გამოცემა ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებდა.
ჯარისკაცებს დაევალებათ ისეთი მისიები, როგორიცაა, სამედიცინო დახმარება, მაგრამ ისინი საბრძოლო პროცესებში არ ჩაერთვებიან.
2000 პერსონალი განლაგებულია ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ევროპაში, და უცნობია, სად გაიგზავნებიან ისინი.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.