„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ - ზილფიმიანი ეკატერინე ტიკარაძეს ვაქცინაციის დაგვიანებაზე მიუთითებს

პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შესული და ახლა „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი, დავით ზილფიმიანი ვაქცინაციის დაგვიანებაზე მიუთითებს და ჯანდაცვის მინისტრს აკრიტიკებს. მისი თქმით, ყველა თვალს ადევნებს სხვა ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესს და ცნობილია, რომ უკვე ყველა იმ ქვეყანამ დაიწყო მოსახლეობის აცრა, რომელიც „ოდნავ მაინც იმყოფება პრეტენზიულ ფორმაში, რომ რაღაცას წარმოადგენს“. ზილფიმიანი დაინტერესდა, საქართველოში რომელი უწყების პასიურობამ გამოიწვია ვაქცინის შემოტანის პროცესის დაგვიანება.

„თქვენ ბრძანეთ, რომ დრო სჭირდება შერჩევას, შეძენას, მოლაპარაკებები, პლატფორმები... გეთანხმებით. მაგრამ ყველაფერი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, არის საერთო ყველა ქვეყნისთვის, ყველამ ეს უნდა გაიაროს. [...] მე ამას ვუდგები შემდეგნაირად - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ფაქტი სახეზეა, რომ საქართველოში არ დაწყებულა [ვაქცინაცია]. ამას ჩვენ მივიჩნევთ დანაშაულებრივ პასიურობად. თქვენგან მინდა მოვისმინო, მაინც რომელმა უწყებამ გამოიჩინა პასიურობა, რადგან დღეს არცერთი ვაქცინა საქართველოს ტერიტორიაზე არ არის", - განაცხადა დეპუტატმა.

ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის დაგვიანებულ პროცესზე კომენტირებისას თქვა, რომ იმ ევროკავშირის ქვეყნებშიც კი დაბალია ვაქცინირებულთა რაოდენობა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში ვაქცინა უახლოეს მომავალში შემოვა.

„არაერთხელ გამოითქვა უკმაყოფილება საქართველოში ვაქცინების შემოსვლის ვადებთან დაკავშირებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვაქცინების შერჩევა იყო ხანგრძლივი პროცესი, რამდენადაც ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მხოლოდ ოფიციალური არხებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების მიღება, ვაქცინის შეძენისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდა. ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ ხარისხიან ვაქცინას, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება. ვაქცინების შეძენისთვის ჩვენ გამოვიყენეთ რამდენიმე ასეთი არხი: კოვაქსპლატფორმა, ევროკავშირთან თანამშრომლობა და მწარმოებლებთან მოლაპარაკება", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მან ისაუბრა ვაქცინის მწარმოებლებზეც, რომელთა ნაწილს თავად გაუჩნდა ვაქცინის წარმოებისას პრობლემა და თქვა, რომ 2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში, როცა ისინი წარმოების გაზრდას შეძლებენ, საქართველოს მეტი შანსი ექნება, მიიღოს საჭირო რაოდენობის ვაქცინები და, შესაბამისად, შესაძლოა მოსახლეობის დიდი ნაწილი წელსვე აიცრას:

„კოვაქსპლატფორმა“ არ არის შეფერხების მიზეზი, ამის მიზეზი არის თავად „ფაიზერი“, რადგან მას წარმოების კუთხით ჰქონდა შეფერხება, ვერ მოახერხა, დასავლეთის ქვეყნებისთვის და „კოვაქსპლატფორმისთვის“ მიეწოდებინა ის დათქმული რაოდენობა, რომელზეც ხელშეკრულებები არის დადებული. „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით მსგავსი შეფერხებები არ არის და ვფიქრობთ, მოწოდება გეგმის მიხედვით განხორციელდება, პირველი კვარტალი იქნა დასახელებული. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტია ვაქცინების შემოტანა და ამ მიმართულებით ყოველდღიურად ვმუშაობთ“.