თუ არ გაერთიანდებით, დიდი იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ - ჟიგიმანტას პავილიონისი

„თქვენ უკვე კარგავთ ტერიტორიებს, გინდათ, რომ მომავალიც დაკარგოთ? თუ არ გაერთიანდებით და ერთად არ იმუშავებთ, დიდი იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ", - თბილისში ვიზიტით მყოფმა ლიტველმა პარლამენტარმა პრესკონფერენცია ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარა მას შემდეგ რაც სტრატეგიული კვლევების ცენტრში შეხვედრა გაიმართა.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ მხარეებს შორის ხიდების აგებას, იმედი მაქვს, ეს გამოგვივა. ბევრი პოზიციური სიგნალი მივიღე ოპოზიციისგან, ვინც ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს და იმედი მაქვს, მივიღებთ ხელისუფლებისგანაც ასეთ სიგნალებს, ისინი იპოვიან დიალოგისთვის საჭირო კომპრომისს. მე ვშიშობ, რომ საქართველო ღრმად არის წასული ესკალაციის პროცესში. მაგრამ იმედი მაქვს, უკან დასაბრუნებელი გზა ჯერ კიდევ არსებობს - ორჯერ დაფიქრდით, თქვენ გაქვთ ახლა ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა, ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, რომელიც უნდა გამოიყენოთ.

თუ საქართველოს მთავრობა შეეცდება, გააძლიეროს ოპოზიციის იზოლაცია, ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ და ვიტყვით სიმართლეს, თუკი დავინახავთ არასწორ მოქმედებებს, ამაზე ვილაპარაკებთ და მთავრობას მოუწევს შესაბამისი ფასის გადახდა. თუმცა, ვიმედოვნებ, აქამდე არ მივალთ და საქართველო დარჩება დემოკრატიის ჩემპიონად (რეგიონში) და გამოიყენებს შესაძლებლობის ფანჯარას, რომელიც მისთვის ისხნება“, - განაცხადა ლიეტუვის სეიმის წევრმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ ის შეხვედრას გამართავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სურს, მასთან მოლაპარაკების შედეგების შესახებ კარგი ინფორმაცია ჰქონდეს გადასაცემი და შეეძლოს უთხრას, რომ სიტუაციის დეესკალაცია საქართველოში შესაძლებელია.

„მე ვიცი, რომ საქართველოს და ბელარუსის ერთმანეთთან შედარება სენსიტიურად აღიქმება, მაგრამ ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი, თქვენი გადასაწყვეტია, რომელი ქვეყნების გვერდით დაიმკვიდრებთ ადგილს. რამდენიმე საათში გვეცოდინება, რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას, ველოდებით მათგან პოზიტიურ სიგნალებს", - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.