“ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული ქალი ტყვეობის დეტალებს იხსენებს

„ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული 85 წლის იოხევედ ლიფშიცი თავისი ტყვეობის დეტალებს აღწერს. 

იოხევედ ლიფშიცმა თელ ავივის იხილოვის საავადმყოფოს წინ ჟურნალისტების წინაშე ისაუბრა.

ლიფშიცის თქმით, კიბუც ნირ ოზიდან ის მოტოციკლეტით გაიტაცეს, შემდეგ მიწისქვეშა გვირაბების დახლართული ქსელები გაიარა. ნირ ოზის 400 მცხოვრებლიდან 180 მოკლეს ან გაიტაცეს.


„მე გავიარე ჯოჯოხეთი, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდით,“ - ამბობს „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული.

85 წლის ქალის თქმით, მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

გვირაბების ქსელის ერთ მონაკვეთში კი ქალი დაახლოებით 25 ტყვესთან კიდევ იმყოფებოდა, რის შემდეგაც რამდენიმე ხანშიშესულ მძევალთან ერთად განცალკევებულ ოთახში გადაიყვანეს, სადაც პერიოდულად ექიმები მიდიოდნენ.

ლიფშიცმა აღნიშნა, რომ მისი გამტაცებლები აშკარად დიდი ხნის წინ მოემზადნენ მძევლების ასაყვანად.

იოხევედ ლიფშიცის 83 წლის ქმარი ოდედი ამჟამადაც ტყვეობაში იმყოფება. მისი მდგომარეობის შესახებ იოხევედმა ლიფშიცმა არაფერი იცის. 


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.


პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. აფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.