პრემიერ-მინისტი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„პრემიერ-მინისტრმა ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ 12 პრიორიტეტით გათვალისწინებული რეფორმების შესასრულებლად, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სათანადოდ აისახება ევროკომისიის ანგარიშში და ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და ის რეფორმები, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განახორციელა ქვეყანამ. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლივერ ვარჰეიმ უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალეს. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თავის მხრივ, შეხვედრასთან დაკავშირებით, Twitter-ზე წერს ირაკლი ღარიბაშვილი. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა. საქართველო აძლიერებს კავშირებს ევროკავშირთან და მოუთმენლად ელის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით,“ - აღნიშნავს პრემიერი.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

სავარაუდოდ, 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.