სამწუხაროდ, სავალდებულო ჯარი გავლილი არ მაქვს - თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი

„სამწუხაროდ, სავალდებულო ჯარი გავლილი არ მაქვს - თავი არ ამირიდებია, ეს განპირობებული იყო იმით, რომ ოჯახი 17 წლის ასაკში შევქმენი, შემეძინა შვილი და 20 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის კითხვაზე პასუხის დროს.

საკომიტეტო მოსმენისას მანვე აღნიშნა, რომ ჯარში არის გადინება და რაც დრო გადის, ჯართან მიმართებით პოპულარიზაცია ნაკლებია. მისივე თქმით, ასეთი ტენდენცია არის მსოფლიოს მასშტაბით.

„თუმცა 2020 წელი იყო პირველი წელი, როცა გადინება გაჩერდა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, რომელიც 2019 წლიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სხვადასხვა დროს ის მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, საქართველოს საელჩოში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბანკ ქართუსა და სტანდარტ ბანკში. ღია წყაროების მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძეს ჰყავს მეუღლე, რომელიც ოჯახის შექმნისას ასევე არასრულწლოვანი იყო და 8 შვილი.

რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატის ქონებას, 2020 წლის მაისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის საკუთრებაშია თბილისში ერთი ბინა და 3 საცხოვრებელი სახლი. ჯუანშერ ბურჭულაძის განათლება კი ასეთია:

საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტი (1994-1998);ქ. ოქსფორდის (Swan) სკოლა; ინგლისური ენის კურსები (1999)

პრემიერობის კანდიდატის და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა 22 თებერვალს უნდა მიიღოს.