თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელში ჩასვლის გეგმას აუქმებს. ერდოღანი პარლამენტში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ „ჰამასი“ არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ, “მოჯაჰედების განმათავისუფლებელი ჯგუფია“, რომელიც თავის მიწას იცავს.
„თქვენ შეგიძლიათ, დასავლეთთან ერთად „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილოთ. დასავლეთი თქვენთან დიდ ვალშია, მაგრამ თურქეთს თქვენი ვალი არ აქვს,“ - მიმართა ისრაელს თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელში ჩასვლას 7 ოქტომბრამდე აპირებდა.
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ჰამასის“ “პოლიტბიუროს“ ხელმძღვანელს, ისმაილ ჰანიეს 22 ოქტომბერს ტელეფონით ესაუბრა. თურქული მედიის ცნობით, ერდოღანი ღაზის სექტორში არსებული ვითარებით დაინტერესდა.
„როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, ანკარა მუშაობს იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორამდე მივიდეს და რომ იქ დაშავებულები საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანონ,“ ნათქვამი იყო თურქეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისივე თანახმად, ქვეყანა ასევე ცდილობს, რაც შეიძლება მალე შეწყდეს ცეცხლი მხარეებს შორის.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელ-პალესტინის საკითხის გრძელვადიანი გადაწყვეტა შეუძლებელია 1967 წლის საზღვრებში დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბების გარეშე. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს მცდელობებს საერთაშორისო ასპარეზზე ხანგრძლივი მშვიდობისთვის,“ - აცხადებდა ანკარა.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.