სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე, ამერიკელმა კანონმდებლებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგია განიხილეს. დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, შესავალ სიტყვაშივე განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში, „პუტინის რევანშისტული პოლიტიკის“ პირველი სამიზნე იყო.
„საქართველო, რა თქმა უნდა, იყო რეგიონში პუტინის რევანშისტული პოლიტიკის პირველი სამიზნე, მაგრამ სამწუხაროდ, არა უკანასკნელი. შავი ზღვის რეგიონი, ვლადიმირ პუტინისთვის ფოკუსის კრიტიკულ ზონად იქცა, რამდენადაც ის ახორციელებს თავის აგრესიულ დღის წესრიგს. 2008 წელს, პუტინმა განახორციელა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ანექსია, რადგან საქართველო დემოკრატიის გზაზე წინ მიიწევდა. 2014 წელს, მან უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, როდესაც უკრაინელებმა მკაფიოდ აიმაღლეს ხმა ევროკავშირის წევრობის მხარდასაჭერად და 2022 წელს, რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრა უკრაინაში, როდესაც გააცნობიერა, რომ ჩაგვრის მისი ტაქტიკა არ იმუშავებდა. შავი ზღვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან პუტინი მას თავის ორბიტაზე ხედავს. რუსეთში ზოგი მას საკუთარ ტბადაც კი მოიხსენიებს. ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი], შავ ზღვას ისტორიულად და სტრატეგიულად, თავისი იმპერიის ნაწილად მიიჩნევს. [შავი ზღვის რეგიონი ასევე მნიშვნელოვანია იმის გამო,] რომ შავ ზღვაში ასევე არის ნატოს არაწევრი სამი და ორი ასპირანტი ქვეყანა. მათთვის შავი ზღვა კრიტიკული ეკონომიკური დამაკავშირებელია და როცა რუსეთის ქცევა შეუმჩნეველი ან უკონტროლო ხდება, ეს გავლენას ახდენს მათ უსაფრთხოებაზე და ეკონომიკებზე“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, შავი ზღვის რეგიონზე მსჯელობა საათზე მეტი ხანი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, სენატორებმა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, საქართველოს შესახებ რამდენჯერმე ისაუბრეს. ამერიკელმა სენატორებმა, ჯეიმს ობრაიენისგან მოისმინეს, რა გეგმები აქვს ვაშინგტონს, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული პროცესების ხელშესაწყობად.