ირაკლი კობახიძე კანდიდატის სტატუსზე: შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია, დადებითი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ თანდათანობით მწიფდება

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე განაცხადა, რომ შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია - კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ თანდათანობით მწიფდება.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ხოლმე, რომ შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია. თანდათანობით მწიფდება დადებითი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი სათანადოდ იქნება ბოლომდე მიყვანილი. პრაქტიკულად, მწიფდება ეს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.


რაც შეეხება კანდიდატის სტატუსზე ოპოზიციის რიტორიკას, კობახიძე ამბობს, რომ მათი გათვლა იყო, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ მიიღებდა, თუმცა ვითარება იცვლება და შესაბამისად, მათ საკუთარი რიტორიკის გადაწყობა უწევთ.

„საბოლოოდ, მათი რიტორიკა აგებული იყო იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიგვეღო, თუმცა ნახეს, რომ მოცემულობა სხვა მიმართულებით შეიცვალა - რეალურად მწიფდება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ამან გამოიწვია მათი რიტორიკის ცვლილება და არათანმიმდევრულობა. მათი გათვლა იყო, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ მიიღებდა, თუმცა ვითარება იცვლება, შესაბამისად, მათ უწევთ საკუთარი რიტორიკის გადაწყობა და აქ გამოჩნდა მათი არათანმიმდევრულობა,“ - განაცხადა კობახიძემ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.


ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ევროპელ კოლეგებთან აღნიშნა,სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, საქართველო რეფორმებს გააგრძელებს.“

გუშინ მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა კომისარ ვარჰეისთან, მე პირადად და ჩვენი მთავრობა ძალიან მადლიერი არის კომისარი ვარჰეის, რომელიც არის ერთ ერთი ღია ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევრო ინტეგრაციის, და მხარდამჭერი იმის რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ჩემი გზავნილი არის მარტივი, მე ყოველთვის ვეუბნები, რომ ჩვენ ვიმსახურებთ სტატუსს, ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა, იმიტომ რომ ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში და სიტუაცია ძალიან რთული არის მთელს მსოფლიოში, მოგეხსენებათ უკრაინის ომის გარდა ამხელა სიტუაცია, რომელიც ძალიან დაიძაბა ახლო აღმოსავლეთში, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა, ექნება თავისი შედეგები ჩვენს რეგიონზე, მთლიანად მსოფლიოზე, ამიტომ ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა დავდგეთ ძლიერად, მტკიცედ, გავაგრძელოთ რეფორმები, მე ჩემს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა, სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ ამ რეფორმებს, კოორდინაციას ევროპელებთან და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მაგრამ დაველოდოთ და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ძალიან მალე ცნობილი“, - განაცხადა პრემიერმა.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.