ელჩი ერინ მაქიი: ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მონაწილეობას „შუა დერეფანში“, რადგან ეს გააძლიერებს ქვეყანას და დაახლოებს მას ევროკავშირთან

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა ელჩმა ერინ მაქიიმ, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის ბიუროში.

მისი თქმით, ამერიკის მთავრობა ხელს უწყობს რეგიონულ თანამშრომლობასა და ვაჭრობას, რომელიც კეთილდღეობასა და წარმატებაზეა ორიენტირებული. ელჩმა ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ერთ-ერთ პანელზე - „ვაჭრობა მომავლისთვის“ ისაუბრა.

„ჩვენ ვიცით, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დიდ როლს ასრულებს. რაც შეეხება საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობას, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მონაწილეობას შუა დერეფანში, იმიტომ რომ ეს გააძლიერებს ქვეყანას და მიაახლოებს მას ევროკავშირთან. ჩემი ბევრი კოლეგა ამერიკიდან აცხადებს, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს, ერთი საზღვაო ფანჯარა შექმნას, რომელიც მისი, როგორც რეგიონული ქვეყნის როლს, უფრო მეტად გამოკვეთს,“ - განაცხადა ერინ მაქიიმ.


მან „შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „შუა დერეფანი ამ ქვეყნებს შესაძლებლობას სთავაზობს, რომ წვლილი შეიტანონ და თვითონაც მიიღონ სარგებელი ძლიერი სავაჭრო ურთიერთობებისგან. ტრანზიტი, ლოგისტიკა, უფრო მეტი ეფექტურობა, წარმოება, ასევე მოვისმინეთ საინფორმაციო ტექნოლოგიები - ყველა ამ მიმართულებით შუა დერეფანზე ჰაბი იქმნება. რა თქმა უნდა, ეს ქმნის უფრო დიდ ეკონომიკურ კეთილდღეობას უშუალოდ დასაქმებული პირებისა და მათი ოჯახებისთვის, ამასთანავე, რეგიონის სტაბილურობას ხელს უწყობს,“- განაცხადა ერინ მაქიიმ.

მისი თქმით, ეკონომიკის წარმატების წინაპირობა სწორედ მშვიდობაა.