ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ძლიერ, სტრატეგიულ პარტნიორობასა და მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებს. აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს მე-5 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საუბრისას განიხილეს პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები.

ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო მზად არის გააღრმაოს რეგიონული თანამშრომლობა, საერთო ინტერესების შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.


საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მტკიცე, ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე - არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ამავდროულად ირაკლი ღარიბაშვილმა ალი ასადოვს დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.


ყურადღება დაეთმო რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურმა ალი ასადოვს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ღონისძიება, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი და აქტუალურია,” - ნათქვამია ინფორმაციაში.


შეხვედრას საქართველოს პრემიერიც გამოეხმაურა.

„სასიამოვნო იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა თბილისში. მადლობელი ვარ რეგიონის ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისადმი საქართველოს ნების მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი კავშირები საერთო ინტერესების მქონე სფეროებში კიდევ უფრო გაღრმავდება,“ - დაწერა მან Twitter-ზე.


დღესვე პრემიერმა შეხვედრა გამართა სომხეთის პრემიერთან.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო; ყურადღება გამახვილდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” მნიშვნელობაზე; აღინიშნა, რომ ფორუმზე წარმართული დისკუსიები სამომავლოდ უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის მყარ ნიადაგს შექმნის; განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები; ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას; საუბარი შეეხო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს; ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.


„განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობა, ისევე როგორც ჩვენი მზაობა მშვიდობის პროცესში წვლილის შეტანასთან დაკავშირებით.

მოუთმენლად ველი საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით,“ - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩსაც შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონტენეგროს მონაწილეობა კავშირთა გაძლიერების შესაძლებლობაა.


საუბარი ასევე შეეხო მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებას.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩთან, რომელიც თბილისში გაიმართა. შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ გაღრმავებული ორმხრივი თანამშრომლობა და სხვადასხვა სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება ქმედითი ინსტრუმენტია გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროკავშირში საქართველოსა და მონტენეგროს გაწევრიანების საერთო მიზნების გაგვაჩნია,“ - აღნიშნავს პრემიერი.


ცნობისთვის, თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.