სომხეთს შეუძლია, კვლავ შეიძინოს ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან, პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის შემდეგ. ამის შესახებ სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჰაკოპ ვარდანიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, საბჭოთა პერიოდში სომხეთი აზერბაიჯანიდან გაზს სამი დიდი გაზსადენით იღებდა და ახლა უკვე შესაძლებელია ამ მილსადენების აღდგენა.
„იმედი მაქვს, რომ ეს უახლოეს წლებში მოხდება. ასეთი გამოცდილება საბჭოთა წლებში გვქონდა. როგორც აღვნიშნე, გაზს ვყიდულობდით აზერბაიჯანიდან, სამი უზარმაზარი გაზსადენი გვქონდა და ახლა შეგვიძლია, აღვადგინოთ ეს მილსადენები, თუ ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური საკითხი გადაიჭრება. ჩვენ მზად ვართ, ავაშენოთ და აღვადგინოთ ეს კომუნიკაციები,“ - განაცხადა ვარდანიანმა.
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რადგან სომხეთი მდებარეობს რეგიონის ცენტრში, აღმოსავლეთ და დასავლეთ მეზობლებთან საზღვრების გახსნამ შეიძლება, დიდი შესაძლებლობები შექმნას. მისი თქმით, სომხეთს შეუძლია, როლი შეასრულოს აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანსპორტირებასა და ექსპორტში, ასევე საპირისპირო მიმართულებით და შეუძლია ელექტროენერგიის ექსპორტი ორივე ქვეყანაში. მანბე აღნიშნა, რომ სომხეთი ყველაზე მოკლე დერეფანია აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, ასევე საქართველოსა და ირანისთვის.