ამერიკელმა სამხედროებმა, ერაყსა და სირიაში აშშ-ის ძალებზე თავდასხმების საპასუხოდ, აღმოსავლეთ სირიაში ორ ობიექტს დაარტყეს, რომელსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და მის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები იყენებდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ოსტინის განმარტებით, დარტყმები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით განხორციელდა და აშშ გააგრძელებს საჭირო ზომების მიღებას, თუ მისი ძალების წინააღმდეგ თავდასხმები არ შეჩერდება.
„ეს ზუსტი თავდაცვითი დარტყმები არის პასუხი ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების მხრიდან აშშ-ის პერსონალის წინააღმდეგ განხორციელებულ და ძირითადად წარუმატებელ თავდასხმებზე, რომელიც 17 ოქტომბერს დაიწყო,“ - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა.
ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, გასულ კვირაში ერაყსა და სირიაში განლაგებულ აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ირანის მხარდაჭერილი ძალები სულ მცირე 19-ჯერ დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 21 ამერიკელი სამხედრო მსუბუქად დაშავდა.
„აშშ-ის ძალებზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ეს თავდასხმები მიუღებელია და უნდა შეწყდეს. თუ ირანის მარიონეტების მიერ აშშ-ის ძალების წინააღმდეგ თავდასხმები გაგრძელდება, ჩვენ უყოყმანოდ მივიღებთ შემდგომ საჭირო ზომებს ჩვენი ხალხის დასაცავად,“ - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.