აშშ-ის ყოფილი ელჩი: ღარიბაშვილის დაბრუნება "ქართულ ოცნებაში" არსებული კრიზისისა და სისუსტის ნიშანია

"ღარიბაშვილის უკან დაბრუნება “ქართული ოცნების” სისუსტის გამოჩენაა", - ამის შესახებ შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში, უილიამ კორტნიმ „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.

„ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებაში“ უფრო მეტი რეპუტაციის მქონე ლიდერებს ნაკლებად სურთ ივანიშვილის ბრძანებების შესრულება.

ღარიბაშვილის უკან დაბრუნება “ქართული ოცნების” სისუსტის გამოჩენაა. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიაში კრიზისია, მაგრამ ასევე კრიზისია მეორე მხარესაც. სააკაშვილი ცდილობს ოპოზიციაზე გავლენა შეინარჩუნოს, რაც ძალიან ვნებს ოპოზიციასაც და ზოგადად, საქართველოს პოლიტიკას“ - განაცხადა ყოფილმა ელჩმა. მისი თქმით, „ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ იმის ნაცვლად, რომ სიტუაცია დაწყნარდეს, ის უარესდება".

მას მიაჩნია, რომ ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკური საკითხი უფროა, ვიდრე იურიდიული. ამიტომ მისი დაპატიმრება, დასავლეთში უკან გადადგმულ ნაბიჯად იქნება აღქმული.

„მელიას დაკავებას იმდენი პოლიტიკური ქვეტექსტი შეიძლება ჰქონდეს, რომ ის ვერ იქნება მხოლოდ იურიდიული საკითხი. საქართველოს მთავრობის მხრიდან მისი დაპატიმრების მცდელობის გაგრძელება, სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს. დასავლეთი ამის გამო საქართველოს მთავრობის მიმართ უკმაყოფილო იქნება“, - განაცხადა ელჩმა კორტნიმ.