ლატვიის პარლამენტმა რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შემზღუდავი ცვლილება დაამტკიცა

ლატვიის პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება, რომელიც რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების მფლობელებს ავალდებულებს, რომ კანონის ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში დაარეგისტრირონ მანქანა ან გაიყვანონ ის ლატვიის ტერიტორიიდან, იტყობინება სააგენტო Delfi.


სამი თვის შემდეგ, რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანები ლატვიის ტერიტორიაზე დაიშვებიან, თუ მძღოლი ლატვიის ტერიტორიას ტრანზიტულად გადაკვეთს. რუსეთში რეგისტრირებული ავტომობილი ლატვიის გავლით ტრანზიტს მხოლოდ ერთხელ შეძლებს. თუ მანქანა არ არის რეგისტრირებული ლატვიაში ან აღმოჩნდება, რომ მისი გამოყენება არაავტორიზირებულია,
მფლობელს მანქანა ჩამოერთმევა. Delfi-ს ინფორმაციით, ჩამორთმეული მანქანები უკრაინაში გაიგზავნება.


ლატვიის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საფრთხის გათვალისწინებით, რუსეთში რეგისტრირებული მანქანების არსებობა ლატვიის ტერიტორიაზე მიუღებელია. კანონი ძალაში 15 ნოემბერს შევა.

ცნობისთვის, პოლონეთი, ნორვეგია, ფინეთი და ბულგარეთი რუსეთში დარეგისტრირებული მანქანების ქვეყანაში შესვლას უკრძალავენ.

ანალოგიური გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ლიეტუვამ და ესტონეთმაც მიიღეს.