ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან, ნიკოლ ფაშინიანთან და ალი ასადოვთან 26 ოქტომბერს გამართულ სამმხრივ შეხვედრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც შუამავალი, დაინტერესებულია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობითა და სტაბილურობით.

„ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ გუშინ ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრები გავმართეთ, იყო სამმხრივი შეხვედრაც. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალურ-ობიექტური შუამავალი და ორივე ქვეყნის მეგობარი არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ამაში ჩვენი ქვეყანა და მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, ვარ მზად, რომ მივიღოთ მონაწილეობა,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან ერთად ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

26 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში” მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს მათ პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამზე უმასპინძლა.

შატო მუხრანში შედგა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრებს რაკლი ღარიბაშვილს, ნიკოლ ფაშინიანსა და ალი ასადოვს შორის სამმხრივი შეხვედრაც. შეხვედრის ამსახველი ფოტოები საქართველოს მთავრობის Facebook გვერდზე გავრცელდა.


ნიკოლ ფაშინიანმა 26 ოქტომბერს თბილისში გამართულ ფორუმზე წარადგინა ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც სომხეთსა და მეზობელ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, მაგრამ ეს ასევე მოითხოვს სომხეთის თანხმობას. მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილონ. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხი განიხილება, სადაც, ფაქტობრივად, გარკვეული ჩარჩოებია, აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას.