ეგვიპტური მხარის ცნობით, ტაბაში არა რაკეტა, არამედ, დრონი ჩამოვარდა. მისი წარმომავლობა ჯერ დადგენილი არ არის. ისრაელის მედიის თანახმად, ინფორმაციას ეგვიპტური გამოცემა al-Qahera news-მა გაავრცელა, რომელსაც ეგვიპტურ დაზვერვასთან კავშირები აქვს.
დღეს, 27 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძლიერი აფეთქება მოხდა ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ტაბაში, რომელიც ისრაელის ქალაქ ეილათს ესაზღვრება. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ეს ქალაქი ღაზის სექტორიდან 220 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
სააგენტო ეგვიპტის მედიასაშუალებების ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან რაკეტა ჩამოვარდა. დაშავდა სულ მცირე 6 ადამიანი.
Reuters-ი წერს, რომ ვერ აფეთქების წყაროს იდენტიფიცირება ვერ შეძლო.
„ტაბის აფეთქება ხაზს უსვამს რისკს, რომელიც ეგვიპტესა და რეგიონის სხვა ქვეყნებს, ისრაელსა და “ჰამასს“ შორის ბრძოლების გაძლიერების გამო ემუქრება,“ - წერს Reuters-ი.
ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, იერიში იემენიდან განხორციელდა, სადაც ირანიდან მართული აჯანყებულები, ჰუსიტები მოქმედებენ. ჩამოვარდნილ დრონზე პასუხისმგებლობა არცერთ ჯგუფს არ აუღია.
ცნობისთვის, ეგვიპტე აქტიურ როლს ასრულებს ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროცესში და „ჰამასის“ მიერ ისრაელში მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების საკითხში.