27 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას მონაწილეობით, ხელი მოეწერა ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის “შეთანხმებას.“
რადიო თავისუფლების ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახური ავრცელებს.
“ხელშეკრულებას“ ხელი მოაწერეს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო “მთავრობამ“ და რუსულმა სააქციო საზოგადოება „ინფრასტრუქტურულმა განვითარებამ“, რომლის ხელმძღვანელი და მფლობელი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილი, რაშიდ ნურგალიევია.
საინფორმაციო სააგენტო “აფსნისპრესის“ ინფორმაციით, შეთანხმების შესრულების ფარგლებში იგეგმება აეროდრომის ოპერატიული ვარგისიანობის აღდგენა. “ინვესტორი აღადგენს 3100 მეტრის სიგრძის და 45 მეტრის სიგანის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს, რაც ობიექტს საშუალებას მისცემს, მიიღოს „რუსული და უცხოური წარმოების თანამედროვე თვითმფრინავები."
ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მოეწყობა თვითმფრინავების შესვლის ე.წ. ინსტრუმენტული მიახლოების აღჭურვილობაა და ასევე ICAO-ს პირველი კატეგორიის ფრენის განათების სისტემა. ასევე რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სამანქანო გზას და სხვა.
შპს "ინფრასტრუქტურის განვითარების" მფლობელმა რაშიდ ნურგალიევმა მადლობა გადაუხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობას მათ მიერ შემოთავაზებული მოდერნიზაციის პროექტის არჩევისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ პარალელურად განხორციელდება ახალი უნიკალური აეროპორტის კომპლექსის მშენებლობა და გამოთქვა რწმენა, რომ განახლებული სოხუმის აეროპორტს სათანადოდ დააფასებენ ტურისტები და რესპუბლიკის მცხოვრებლები.
- ინფორმაციისთვის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ აღიარებს. ICAO-მ გააუქმა აეროპორტის კოდი და 2006 წლიდან თავისი დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია სოხუმის აეროპორტის შესახებ.
შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.