ისრაელში საქართველოს ელჩი მიმართავს იმ ადამიანებს, ვისაც აქვს სტრესული მდგომარეობა და ურჩევს, გაემგზავრონ სამშობლოში, რადგან ისრაელში დაძაბული ვითარებაა, საჰაერო განგაშები არ წყდება და “ეს პროცესი არ დასრულდება ორ და სამ თვეში.“
ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში – თელ-ავივში და მის მიმდებარე ქალაქებში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესები აღდგა.
„გაიხსნა სკოლები, საბავშვო ბაღები, ძირითადად ის შენობები, სადაც დაცულია თავშესაფარი და შეიძლება, შეიყვანო ბავშვები საჰაერო განგაშის დროს. ბუნებრივია, საჰაერო განგაშები არ წყდება, კვლავ დაძაბული ვითარებაა. ამ ყველაფერს თან ახლავს ფსიქოლოგიური სტრესიც, უკვე სამი კვირაა, ამ მდგომარეობაში ვართ. ვისაც აქვს გარკვეული სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, რომ გაემგზავროს სამშობლოში და მშვიდ გარემოში იყოს, ვიდრე იყოს გაძლებაზე ამ სტრესში, რადგან ეს პროცესი არ დასრულდება ორ და სამ თვეში. ესაა საკმაოდ ხანგრძლივი საომარი მოქმედებები. ეს არაა სპეცოპერაცია, ესაა ომი, რომელიც გამოცხადებული აქვს ისრაელის სახელმწიფოს.
„აირზენას“ მიერ ფრენების აღდგენა-არ აღდგენა არ მგონია, პანაცეა იყოს. მთავარია, პირდაპირი ფრენები საქართველოს მიმართულებით არის. ვისაც მხოლოდ პირდაპირი რეისით გამგზავრება უნდა, არის ამის საშუალება და ასევე არის კვიპროსის საშუალებით თბილისში დაბრუნების საშუალება. თავად არ ვკითხულობთ, „აირზენა“ როდის აღადგენს ფრენებს, ალბათ მაშინ, როდესაც სადაზღვევო კომპანია მას დაზღვევას განუახლებს. ჩვენთვის მთავარია, რომ პირდაპირი რეისები სრულდება თელ ავივი-თბილისი, თელ ავივი-ბათუმის მიმართულებით,“ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა.
ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.