"თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ძალა, გამბედაობა, გონიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება ეყოფა, ჩვენი გუნდი დიალოგს მიესალმება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ის არ გულისხმობს ოპოზიციის რადიკალურ ფრთას.
"რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ოპოზიციის რადიკალურ ფრთას, რომელიც სახელმწიფოს დისკრედიტაციასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას ცდილობენ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისი განცხადებით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი აბსოლუტურად მიუღებელია და ეს სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს.
„ის ფაქტი, რომ ჩვენი ოპოზიციადწოდებული დესტრუქციული ძალა საქართველოს პარლამენტში არ შემოდის, არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს იმაზე მეტი საფუძველი კონსენსუსისთვის, ვიდრე - ჩვენი ქვეყნის მომავალი.
ჩვენი პოლიტიკური პოზიციები, შესაძლოა, ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო რეჟიმში დისკუსია ყველას დაგვეხმარება მათ დახვეწაში. პარლამენტის ტრიბუნიდან ხალხის სათქმელი უნდა ისმოდეს. ჩვენი ხალხის დაკვეთაა მათი რეალური, კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტა.
ჩვენ ახლა გვჭირდება ჩვენი ხალხის ინტერესების ირგვლივ გაერთიანება. ის, რაც ხდება ჩვენი დესტრუქციური ოპონენტების მხრიდან, ვგულისხმობ საინფორმაციო დესტრუციულ კამპანიას - თავიანთი პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით, ძალიან მალე, ამ შესაძლებლობასაც გამოვართმევთ ხელიდან. ჩვენ ყველა ამ სიცრუეს სიმართლეს დავუპირისპირებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.