ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი

"ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი", - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ნიკა მელიაზე საუბრისას, მას კრიმინალი უწოდა, "ნაციონალურ მოძრაობას" კი კრიმინალების თავშესაფარი.

"ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს კრიმინალი გამოაცხადეს ახლა პარტიის თავმჯდომარედ და გვეუბნებიან, რომ მძიმე დანაშაულისთვის - ვგულისხმობ პარლამენტზე შტურმს - თურმე არ უნდა შევეხოთ. რომელ ქვეყანაში გინახავთ, ასეთი ტიპის მძიმე დანაშაულებისთვის ადამიანებს იდულგენციებს აძლევდნენ? როდის ყოფილა, რომ პოლიტიკური პარტია გამხდარა ასეთი კრიმინალების თავშესაფარი?", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

როგორც რარიბაშვილმა აღნიშნა, მათ არავის დაჭერა და დასჯა უხარია.

"ჩვენ არავის დაჭერა და არავის დასჯა არ გვიხარია. ისე ნუ ჩათვლიან, რომ ვიღაცის დაჭერაზე ვართ ორიენტირებული და მხოლოდ ამაზე ვართ ორიენტირებული. ჩემი გამოსვლის მთავარი ნაწილი დავუთმე ეკონომიკაზე საუბარს, სოფლის მეურნეობას და იმ პრობლემების გადაჭრას, რომელიც საჭიროებს რთულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ისეთ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მდგრადობას, ჩვენს სტაბილურობას და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ნიკა მელიას მხარდამჭერებს კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში დაბრუნებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ბატონი მელია, და ნებისმიერ, გვარს არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას. კანონი უნდა აღსრულდეს და კანონი აღსრულდება ისე როგორც წესია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ დაბრუნდნენ კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში. მათ მოუწევთ ამის გაკეთება და ძალიან მალე. სხვა გამოსავალი არ არსებობს. ჩემი პასუხი მარტივია, მე არ ვაპირებ და არც მაქვს ამის უფლება, ეს იქნება კანონდარღვევა, უხეში ჩარევა, მე არ მაქვს ამის ვალდებულება და უფლება, რომ ჩავერიო კანონის უზენაესობაში და მისი აღსრულების პროცესში, სხვა შემთხვევაშ მე გავხდები კანონდამრღვევი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.