ღარიბაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეკრებილი ოპოზიციონერების 80%-ს გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში ადანაშაულებს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო დღეებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეკრებილი ოპოზიციონერების 80%-ს 1992 წელს მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა აქვს მიღებული. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვის ადანაშაულებს 90-იანი წლების დასაწყისში თბილისში განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობასა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში.

“90-იან წლებში ის უბედურება, ის კატასტროფა, რაც ჩვენ ჩვენს თავს დავმართეთ და დავუშვით პრეცენდენტი ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობისა, ყველა ის უბედურება, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, არის იმის ანარეკლი. ამის შემდეგ ჩვენ დავხოცეთ ერთმანეთს, დავკარგეთ ტერიტორიები, დავანგრიეთ ეკონომიკა, ინდუსტრია, ჯანდაცვა და განათლება.

მე მინდა ყველას შევახსენო, რომ იმ შულავერის კომიტეტში, რომლებიც იკრიბებიან ნაც. მოძრაობის ოფისში, თუ გადახედავთ მათ ბიოგრაფიას, 80%-ს აქვს მიღებული იმ პუტჩში, იმ გადატრიალებაში მონაწილეობა, რომელიც 90-იან წლებში მათ ჩაიდინეს. იგივე სახეები გველაპარაკებიან დღეს ასეთი აგრესიული რიტორიკით, ზიზღის ენით”, — აღნიშნა მან.