ლიბანის პრემიერ-მინისტრი შიშობს, რომ ისრაელ-ჰამასის ომის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში ქაოსს გამოიწვევს.
ნაჯიბ მიკატიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი ყველაფერს აკეთებს, რათა ლიბანს ომში ჩაბმა თავიდან აარიდოს.
„მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ იმისთვის, რომ ლიბანი ომში არ ჩაებას. ამ დროისთვის „ჰეზბოლა“ სიტუაციას რაციონალურად და გონივრულად მართავს და თამაშის წესები გარკვეული საზღვრებით არის შეზღუდული. ამავდროულად, მე არ შემიძლია, რომ ლიბანელები დავამშვიდო, რადგან სიტუაცია ჯერ კიდევ ვითარდება,“ - აღნიშნა ლიბანის პრემიერმა.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა.
ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.