პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თავისი ურყევი მისწრაფებითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, ამ 100 წლის განმავლობაში, თურქეთი გახდა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.
„ძალიან ვაფასებთ თურქეთის უმნიშვნელოვანეს წვლილს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობის საქმეში როგორც სამეზობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოსა და თურქეთს უნიკალური მეგობრობა და ძმობა აკავშირებთ. ჩვენმა ქვეყნებმა შეინარჩუნეს თანამშრომლობა, რომელიც თანდათან გადაიზარდა მყარ სტრატეგიულ პარტნიორობაში.
ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ვლინდება ჩვენს დინამიკურ ეკონომიკურ თანამშრომლობაში. წლების განმავლობაში თურქეთი იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი. წელს, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სავაჭრო ბრუნვით, რომელმაც 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ვიმედოვნებთ, რომ ეს მაჩვენებელი ამ წლის ბოლომდე 3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც ჩვენს თანამშრომლობაში კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი იქნება.
ჩვენ, ასევე მოხარულნი ვართ, რომ თურქული კომპანიები აგრძელებენ ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა უკვე თითქმის 370 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია ბოლო სამი წლის განმავლობაში; ხოლო თურქული კომპანიების რიცხვი საქართველოში 10 000-ს აჭარბებს. ჩვენ ველით ამ რიცხვების შემდგომ ზრდას მომდევნო წლებშიც,“ - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, როგორც საქართველო, ასევე თურქეთი ასრულებენ გადამწყვეტ - ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რგოლის როლს. „სწორედ ამიტომ, შუა დერეფნის მეშვეობით დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით ისეთი სფეროები, როგორებიცაა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა, დარჩება ჩვენს ერებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მამოძრავებელ ძალად.
მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები მიისწრაფვიან არსებული და დაგეგმილი რეგიონული ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის − ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის, ასევე − ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო და სხვა პროექტების განხორციელებისკენ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ფასდაუდებელია არა მხოლოდ ორმხრივი ეკონომიკური მიღწევების თვალსაზრისით, არამედ ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით უსაფრთხოების არსებული საგანგაშო გარემოს გათვალისწინებით როგორც რეგიონში, ისე გლობალურად,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე − დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.