გუტერეში: ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებამ პანდემია საბაბად გამოიყენა და განსხვავებული აზრი უსაფრთხოების მკაცრი და საგანგებო ზომების დაწესებით ჩაახშო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ რიგი ქვეყნების ხელისუფლებებმა COVID19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვები, თავიანთი პოლიტიკური ოპოზიციის დასასუსტებლად გამოიყენეს და იყენებენ, - აღნიშნულ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს.

მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებამ პანდემია საბაბად გამოიყენა და განსხვავებული აზრი უსაფრთხოების მკაცრი და საგანგებო ზომების დაწესებით ჩაახშო, ძირითადი თავისუფლებების კრიმინალიზაცია მოახდინა, ინფორმაციის დამოუკიდებელი გავრცელება და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა შეზღუდა.

„ადამიანის უფლებათა დამცველებს, ჟურნალისტებს, ადვოკატებს, პოლიტიკურ აქტივისტებსა და სამედიცინო სპეციალისტებსაც კი აკავებენ, აშინებენ და უთვალთვალებენ იმის გამო, რომ ისინი პანდემიის მიმართ მთავრობის რეაგირებას აკრიტიკებენ“, - განაცხადა გაერო-ს ხელმძღვანელმა.

ანტონიო გუტერეშის თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში "პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები საარჩევნო პროცესების ჩაშლის, ოპოზიციის ხმების შესუსტებისა და კრიტიკის აღსაკვეთადაც“ კი იყენებენ.