იუსტიციის მინისტრი კლინიკიდან გაქცეულ სამ პატიმარს მოუწოდებს, „დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს“

იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ სამედიცინო დაწესებულებიდან სამი პატიმარი გაიქცა. მისივე თქმით, მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.

მინისტრი მოუწოდებს გაქცეულ პატიმრებს, დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს.

„დღეს, ადგილი ჰქონდა სამწუხარო შემთხვევას. გიდასტურებთ, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გაგიზიარებთ. მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.


მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს. იქნებ ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს,“ - აღნიშნა მინისტრმა.


მინისტრის თქმით, თუ ვინმე პატიმრებს მიმალვაში შეუწყობს ხელს, კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი.

„ასევე მოვუწოდებ მათი ოჯახის წევრებს, იმ პირებსაც, რომელთაც შესაძლოა, ჰქონდეთ მათთან კავშირი, რომ ნებისმიერი სახის ხელშეწყობა მძიმე დანაშაულია ამ ადამიანებისთვის. თუ ვინმე შეუწყობს ხელს ამ ადამიანებს მიმალვაში, რა თქმა უნდა, კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი,“ - აღნიშნა მინისტრმა.


მინისტრი განმარტავს, რომ მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელია გატაცებული.

ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, დღეს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.