შსს-მ დმანისის ყოფილი მერის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  დმანისის ყოფილი მერის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


დმანისის ყოფილი მერი გიორგი ტატუაშვილი აცხადებს, რომ მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთჯერ ისროლეს. ის მიიჩნევს, რომ თავდასხმა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.


ყოფილმა მერმა აღნიშნა, რომ სროლის შედეგად ავტომანქანას საბურავი აქვს გახვრეტილი, ხოლო ერთი ტყვია გაჭედილია მძღოლის სავარძელში, რომელზეც თავად იჯდა.


გიორგი ტატუაშვილი 2017 წელს დმანისის მუნიციპალიტეტის მერად „ქართული ოცნების" რიგებიდან აირჩიეს. ის იყო „ქართული ოცნების" დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2020 წლის აგვისტოში ტატუაშვილი მმართველი პარტიიდან გარიცხეს. მანამდე მან მხარდაჭერა გამოუცხადა დეპუტატ კახა ოქრიაშვილს, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და „ნაციონალური მოძრაობის" ბლოკს შეუერთდა. 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში ტატუაშვილი „ენმ - ძალა ერთობაშიას" მერობის კანდიდატი იყო დმანისში.

გიორგი ტატუაშვილზე თავდასხმას განცხადებით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. თავდასხმას ისიც ტატუაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. მისი შეფასებით, დმანისის ყოფილ მერს, ოპოზიციონერ გიორგი ტატუაშვილს, რუსული პარტიის ბანდ-ფორმირება თავს დაესხა და მისი ფიზიკური ლიკვიდაცია განიზრახა."