მოლდოვა დსთ-ს საწევრო გადასახადს აღარ გადაიხდის

მოლდოვის მთავრობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ) გამორიცხავს იმ ორგანიზაციების სიიდან, რომლებსაც ქვეყანა ყოველწლიურ საწევრო გადასახადს უხდის. შესაბამის ინფორმაციას რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახური ავრცელებს.

მოლდოვა დსთ-დან გასასვლელად ემზადება.

ფინანსთა მინისტრის პეტრუ როტარუს მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილების პროექტის მიხედვით, თანხა, რომელსაც მოლდოვა 2023 წელს გამოყოფს საერთაშორისო ორგანიზაციებში საწევრო შენატანების გადასახდელად, 16 მილიონი ლეით - 66,5 მილიონიდან 50,5 მილიონ ლეიმდე მცირდება.


კლება დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ მოლდოვა გადასახადს დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეასა და თანამეგობრობის შვიდ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის აღარ გადაიხდის.

ბოლო 4 წლის განმავლობაში დსთ-ს ფარგლებში ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საწევრო გადასახადის სახით თითქმის 35 მილიონი ლეი ჩაირიცხა.

ივლისში პარლამენტმა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან მოლდოვის გასვლას მხარი დაუჭირა.


ცნობისთვის, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ თებერვალში განაცხადა, რომ მოლდოვა დსთ-ს რამდენიმე ათეული შეთანხმებიდან გასვლის პროცესს იწყებს. მისი თქმით, მოლდოვა არის დსთ-ს 330-მდე შეთანხმების მხარე, რომელთაგან ბევრს გადახედვა სჭირდება.


შეგახსენებთ, მოლდოვა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლას აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ 15 მაისს განაცხადა, რომ მოლდოვას შეუძლია დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლა. პარლამენტის ხელმძღვანელის თქმით, ის აპირებს სამართლებრივი პროცედურის დაწყებას, რომელიც საშუალებას მისცემს მოლდოვას, "პირველი ნაბიჯი გადადგას თანამეგობრობიდან გასვლისთვის".


„როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ დავიწყე დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან მოლდოვას გასვლის პროცედურა,“ - განაცხადა გროსუმ და აღნიშნა, რომ ინიციატივა უკვე განიხილა პრეზიდენტ მაია სანდუსთან.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დსთ-ს დამფუძნებელმა რუსეთმა უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმა წამოიწყო, არ შეიძლება, ამ ორგანიზაციას თანამეგობრობა ეწოდოს.

10 აპრილს მოლდოვის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე ტელერადიოკომპანია „მირის“ ხელშეკრულების დენონსაცია მოახდინა და ამ კომპანიისათვის დსთ-ის სალაროში საწევროს გადახდა შეწყვიტა.