მომავალი მოწვევის პარლამენტში დეპუტატებისთვის ხელფასების ზრდა იგეგმება

დეპუტატებისთვის ხელფასების ზრდა იგეგმება. დღეის მდგომარეობით პარლამენტის წევრების ხელფასები, თანამდებობების მიხედვით, დაახლოებით 4000-დან 7000 ლარის ფარგლებშია, ხოლო ახალი ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, 8 000-დან 10 000 ლარის ფარგლებში იქნება. პაპუაშვილის განმარტებით, დასახელებული თანხა მოიცავს საშემოსავლო გადასახადსაც, რომელიც აღნიშნულ ოდენობებს გამოაკლდება.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრებისთვის ხელფასის შესაბამისობაში მოყვანა 2013 წლის შემდეგ არ მომხდარა.

„ბოლო ათი წელია, არ გაზრდილა ან არ შეცვლილა ხელფასი. თუმცა, ეს საკითხი ყოველთვის იყო, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის წევრის ანაზღაურება რეგულირდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და არ არის მიბმული საჯარო სამსახურში ხელფასებს, მათ შორის, ის ათპროცენტიანი ზრდა, რაც ბოლო წლებში არის, არ ეხება პარლამენტის წევრებს. ამან შედეგად გამოიღო ის, რომ დღეის მდგომარეობით, პარლამენტის წევრების ანაზღაურება უფრო დაბალია, ვიდრე ძალიან ბევრი საჯარო მოხელის, მათ შორის იმ სტრუქტურებში, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიმართ არიან ანგარიშვალდებულები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის აპარატში არის რამდენიმე ათეული თანამშრომელი, რომლის ხელფასიც უფრო მაღალია, ვიდრე პარლამენტის წევრის.

ამიტომ არის საჭიროება, რომ მოხდეს, შესაბამისობაში მოყვანა. 2017 წელს დადგინდა კოეფიციენტები საჯარო სამსახურისთვის. მაშინ ყველა საჯარო სამსახურში ხელფასები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ამ კოეფიციენტებთან, მათ შორის პარლამენტის აპარატში, თუმცა დეპუტატებისთვის მაშინ ეს ცვლილება არ განხორციელებულა რეგლამენტში, ამიტომ ჩემი ინიციატივაა, რომ მართალია, არა ამ მოწვევის, მაგრამ მომავალი მოწვევის პარლამენტში, 2025 წლის პირველი იანვრიდან მოხდეს ხელფასების, ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც დადგენილია კანონდებლობით. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ის კოეფიციენტები, ინიციატივა, რომელიც მე მაქვს წარმოდგენილი, სრულად არ ითვისებს იმ კოეფიციენტს, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი. უფრო მაღალიც შეიძლებოდა, ყოფილიყო სახელფასო ანაზღაურება,“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.


რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, რომელსაც პარლამენტს თავად პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს, დეპუტატების გასამრჯელო განისაზღვრება შემდეგნაირად:

პარლამენტის თავმჯდომარე – 10 000 ლარი - (იზრდება 3 260 ლარით),

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 9 500 ლარი (იზრდება 3 100 ლარით),

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 9 250 ლარი (იზრდება 2 910 ლარით),

კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 9 000 ლარი (იზრდება 3 460 ლარით),

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი, მოადგილე 8 750 ლარი (იზრდება 3 950 ლარით),

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 8 500 ლარი (იზრდება 3 760 ლარით),

პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8 250 ლარი - (იზრდება 3 626 ლარით).

რეგლამენტის პროექტის მიხედვით, 5 000 ლარის ოდენობით იზრდება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას.


კერძოდ, რეგლამენტში ცვლილებების პროექტის გათვალისწინებით, თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.