თბილისში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მუსიკოსის, ფოლკლორისტისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა. ღონისიება თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივისა და საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჩატარდა.

ღონისძიებაში ანსამბლები „რუსთავი“ და „მართვე” მონაწილეობდნენ. ამასთან, სიმბოლურად სკვერის აღმნიშვნელი აბრის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.


ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ანზორ ერქომაიშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები.

თბილისს და მთელ საქართველოს ვულოცავ ამ შესანიშნავ დღეს. ასეულობით ქართული სიმღერა, რომელიც არ არსებობდა როგორც ჩანაწერი, ანზორ ერქომაიშვილმა გადაიტანა ფურცლებზე და დაგვიტოვა უშველებელი საგანძური. ჩვენ სიამაყით ვართ აღვსილი. შვილებს, შვილიშვილებს, ბავშვებს უნდა გავაცნოთ ვინ იყო ბატონი ანზორი და რამხელა ღვაწლი აქვს მას ქვეყნის წინაშე,“ - მიმართა სტუმრებს სიტყვით პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დიდი ქართველი მოღვაწე, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი 2021 წლის 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანზორ ექომაიშვილი 2021 წლის 3 აპრილს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

ასევე გაეცანით: ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი დაფუძნდა