იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ გაზეთ Quotidiano Nazionale-თან განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პოლიტიკურ დონეზე მოლაპარაკებების დრო არ დამდგარა. ოფიციალური პირის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელ-ჰამასის ომის ფონზე, უკრაინასთან მიმართებით მედიის ყურადღება შემცირდა, კიევის პარტნიორების პოლიტიკური ყურადღება არ შემცირებულა.
„დასავლეთისა და ევროკავშირის მხრიდან კიევის მხარდაჭერა უცვლელია. უკრაინა იბრძვის თავისი სუვერენიტეტის დასაცავად, ასევე საერთაშორისო სამართლის დაცვისთვის. ნათელია, რომ გრძელვადიანი მშვიდობა არ შეიძლება, მხოლოდ სამხედრო მოქმედებებს დაეფუძნოს. აუცილებელია პოლიტიკური ზავი, ამის დრო კი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ იმედი ბოლოს კვდება,“ - განაცხადა კროსეტომ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სექტემბერში მედიისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ ომი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს არ დატოვებს.
ცნობისთვის, NBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის და ევროპის ოფიციალური პირები სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობებს განიხილავენ.