საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დაიღუპა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ერთი მეზღვაური სარემონტო სამუშაოს შესრულებისას, ხოლო მეორე მეზღვაური ასევე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის ადგილზე შესასწავლად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლობა საბერძნეთში გაემგზავრა.
„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სადაც გემი იმყოფებოდა სარემონტო სამუშაოებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაზიანდა ქართველი მეზღვაური. მეზღვაური გადაიყვანეს საავადმყოფოში, General Hospital of Ioannina G. Hatzikosta, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
26 ოქტომბერს, ამავე გემზე, პირველადი ინფორმაციით, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ქართველი მეზღვაური, რომელიც 2 ნოემბერს გადმოასვენეს საქართველოში.
აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ათენში საქართველოს კონსულთან, გელა ჯაფარიძესთან ერთად მუშაობს. ამასთან, ვითარების ადგილზე გასაცნობად და უშუალოდ დასაკვირვებლად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ,” - აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.