მოლდოვის ადგილობრივ არჩევნებში, კიშინიოვსა და სიდიდით მეორე ქალაქში სანდუს პარტიის კანდიდატები მარცხდებიან

მოლდოვაში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიის კანდიდატები დამარცხდნენ დედაქალაქ კიშინიოვსა და სიდიდით მეორე ქალაქ ბელციში. წინასწარი შედეგებით, კიშინიოვში პირველივე ტურში იმარჯვებს მოქმედი მერი, კომუნისტური და სოციალისტური პარტიების ყოფილი წევრი იონ ჩებანი, რომელმაც 2021 წელს შექმნა ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი ოპოზიციური პარტია „მოძრაობა ნაციონალური ალტერნატივა“(MAN).


წინასწარი შედეგების მიხედვით, ოლქების ნაწილში მეორე ტური ჩატარდება.

დედაქალაქ კიშინიოვში იმარჯვებს მოქმედი მერი, კომუნისტური და სოციალისტური პარტიების ყოფილი წევრი იონ ჩებანი. წინასწარი შედეგებით, მას ხმების 50,58% აქვს. 

28,27%-ით მეორე ადგილზეა პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპული პარტიის, „მოქმედება და სოლიდარობის“(PAS) კანდიდატი ლილიან კარპი. პირველივე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს.


მმართველი პარტიის კანდიდატი სამეულშიც ვერ მოხვდა მოლდოვის სიდიდით მეორე ქალაქ ბელციში, სადაც წინასწარი შედეგების მიხედვით, მერის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციური მემარცხენე-ცენტრისტული გაერთიანების, „ჩვენი პარტიის“ კანდიდატი ალექსანდრ პეტკოვი (22,6%) და დამოუკიდებელი კანდიდატი არინა კორშიკოვა(21,5%).


მოლდოვაში ქალაქების და სოფლების ადმინისტრაციების 898 ხელმძღვანელს და ადგილობრივი საბჭოების 11 058 წევრს ირჩევენ. ამომრჩეველთა აქტივობა 41,4% იყო. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში, სადაც კენჭისყრაში ადგილობრივი ამომრჩევლების 25%-ზე ნაკლები მონაწილეობდა, ხელახალი არჩევნები ჩატარდება. მოლდოვის კანონმდებლობით, კონკრეტულ ოლქში არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მასში რეგისტრირებული ამომრჩევლების სულ მცირე 25% მონაწილეობდა.