ბაჩანა შენგელია გახარიაზე: ვიდრე ცოცხალი ვარ, პირობას ვაძლევ, დედაჩემის საქმეზე ის გასამართლდება

„სტრასბურგში არის დღეს დედაჩემის საქმე და ვიდრე ცოცხალი ვარ, პირობას ვაძლევ, რომ გიორგი გახარია დაჯდება განსასჯელის სკამზე და გასამართლდება. იმისთვის, რომ მეორე, დედაჩემისნაირი საქმე არ განმეორდეს“, - განაცხადა ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელია მთავარ არხთან ინტრერვიუში.

„მისი გადადგომა აბსოლუტურად არაფერს არ უკავშირდება, ჩვენ არ ვაკეთებთ სწორ ანალიზს... მან სწორი დრო შეარჩია საკუთარი ტყავის გადასარჩენად. მან დატოვა საკუთარი გემი, რომელსაც ის სისხლით აშენებდა 4 წლის განმავლობაში. როგორ შეიძლება შევუქოთ სწორ დროს წასვლა იმის გამო, რომ ნიკა მელიაზე ხელი აუკანკალდა. ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ის ადამიანი საკუთარი ტყავის გადარჩენას ცდილობს. მაგრამ ის ვერ გაექცევა ვერც ერთ მართმსაჯულებას“, - ამბობს ბაჩანა შენგელია.

გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს შეწყვიტა. უწყების თქმით, არ დადასტურდა, რომ „ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას“.

6 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ შენგელიას სარჩელი დაარეგისტრირა. 11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან მთავრობას წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

ბაჩანა შენგელია ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილია. სკოლის დირექტორი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ამას წინ უძღოდა განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება. განათლების სამინისტრო ამტკიცებდა, რომ შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და „სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა“ გამოავლინეს. თუმცა ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა.