ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ჩართულობა, რათა მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან უკრაინის მშვიდობის ფორმულის მიმართ უფრო მეტი მხარდაჭერა უზრუნველყოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე გააკეთა.
„მე ვიცი, რომ ეს რთული სამუშაოა, მაგრამ არსებითად, საბოლოო ჯამში, მთელი მსოფლიო ისარგებლებს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მისია,“ - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება გრძელვადიანი უსაფრთხოება. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს მდგრადი სამხედრო ძალა, რომელსაც შეუძლია, დაიცვას უკრაინა ახლა და შეაჩეროს რუსული აგრესია მომავალში, რათა „ისტორია არ განმეორდეს.“
ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის გარდა, აუცილებელია უკრაინის დახმარება საჰაერო თავდაცვისა და საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაში. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ასევე მოიცავს კიბერ და კოსმოსურ შესაძლებლობებს.
2022 წლის თებერვლიდან უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებიდან 82 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება მიიღო.