ევროპარლამენტის ლიბერალური ფრაქცია: პოლიტიკური უთანხმოებები პარლამენტში უნდა წყდებოდეს და არა ოპოზიციური ფიგურების დაპატიმრებით

"პოლიტიკური უთანხმოებები პარლამენტში უნდა წყდებოდეს და არა ოპოზიციური ფიგურების გასამართლებით და თვითნებური დაპატიმრებით", - ამის შესახებ ევროპარლამენტის ლიბერალური ფრთის, საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილ წერილშია აღნიშნული.

ევროპარლამენტის ცენტრისტული ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის, ALDE-ს ხელმძღვანელი, ჰანს ვან ბაალენი ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ახლა დეესკალაციის და დიალოგის დროა და არა შემდგომი ბრალდებების.

ვან ბაალენი საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, „სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ახალი რაუნდის უზრუნველყოფისკენ“ მოუწოდებს.

„გასულ პარასკევს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა აშკარა დასტურია იმისა, რომ საქართველოში არჩევნების შემდგომი კრიზისის პრაქტიკული გადაწყვეტა ახლა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე - შემდეგი ნაბიჯები მოითხოვს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას და არა შემდგომ სადამსჯელო მოქმედებებს ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ. მე ვარ ლიბერალი და პრო-ქართველი.

როგორც ALDE-ს პრეზიდენტი, გარწმუნებთ, რომ ჩვენს კონტინენტს უფრო ძლიერი, დემოკრატიული საქართველო სჭირდება. საქართველო, სადაც განსხვავებული ხმები ისმის, პოლიტიკური უთანხმოებები პარლამენტში წყდება და არა ოპოზიციური ფიგურების გასამართლებით და თვითნებური დაპატიმრებით. ახლა დეესკალაციის და დიალოგის დროა და არა შემდგომი ბრალდებების.

მომავალ კვირას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის ვიზიტის წინ, მე მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, განაახლეთ მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, იმუშავეთ ერთად, რათა დადგინდეს თარიღი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ახალი რაუნდის უზრუნველსაყოფად“- აღნიშნულია ევროპარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფრაქციის, ALDE-ს განცხადებაში.