ევროპარლამენტარები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობენ

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებამ შეიძლება, უზრუნველყოს, რომ ასეთი "ამაზრზენი ინციდენტი" აღარ განმეორდეს.

„ტრაგიკული ამბავი კირბალიდან. ამ ამაზრზენ აქტზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას. მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სრულად დასრულებამ შეიძლება, უზრუნველყოს, რომ ასეთი ამაზრზენი ინციდენტი აღარ განმეორდეს,"- წერს ლექსმანი სოციალურ ქსელ X-ზე.

„რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. საქართველოს რუსეთის ოკუპაციის 200-წლიანი გამოცდილება აქვს, რათა იცოდეს, რომ მოძალადესთან დათმობაზე წასვლა არასდროს მუშაობს. მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია ბოროტების დამარცხება. ვუსამძიმრებ კიდევ ერთი მსხვერპლის ოჯახს,“ - წერს თავის მხრივ, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“

 
განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.

შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა.

ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“


ასევე გაეცანით: