„თქვენი წინამორბედი, გიორგი გახარია რომ გადადგა, 200 ათასზე მეტი თქვენი მხარდამჭერი გამოეტირა, ამაზე მაინც დაფიქრდით, ეს რატომ მოხდა?! თორემ მისი ფოტო 2020 წლის ივნისშიც დაიდო და არავის დაულაიქებია", - აღნიშნული განცხადებით, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.
პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატის, ლევან იოსელიანის განცხადებით, გიორგი გახარიას ასეთი მხარადაჭერა იმით იყო გამოწვეული, რომ მან კონფრონტაციისკენ ნაბიჯი არ გადადგა და ხალხმა ეს დააფასა.
„მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ მიუხედავად თქვენი ასეთი ორდღიანი გამოსვლისა, სადაც დააანონსეთ ოპოზიციაზე იერიშის მიტანა, საბოლოოდ ამას არ გააკეთებთ. საბოლოო ჯამში, თავს დააღწევთ კონფრონტაციის და ზიზღის გზას. ეს გზა, ბატონო ირაკლი, დავით გარეჯამდე ნამდვილად არ მიგიყვანთ!
გუშინ, თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, ერთი დღე მაინც დამდგარიყავით ამ ორპარტიული კრიტიკის მიღმა. საქართველოს კონსტიტუციის დღე ამას იმსახურებდა, მაგრამ სამწუხაროდ გუშინდელი დღეც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერების კრიტიკას მიუძღვენით.
ჩვენი მშობლები დაბერდნენ ამ ქიშპის და ამ ზიზღის ყურებით. ჩვენ ბევრი განსხვავებული არაფერი გვინახავს. მე არ მინდა, რომ ეს მემკვიდრეობა დავუტოვო ჩვენს შვილებს, რომლებსაც ნამდვილად არ აინტერესებთ, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ან „ოცნებაში“. ახალგაზრდა თაობას აინტერესებს, რა პერსპექტივა ექნებათ, რა განათლებას მიიღებენ და სად დასაქმდებიან. ამ დროს რას უყურებენ სინამდვილეში? თქვენ და თქვენი ოპონენტები როგორ ეძახით ერთმანეთს გავრილოვს. აი ეს არის თქვენი მთელი პოლიტიკური დისკურსი, რასაც ვთავაზობთ მომავალ თაობას. სამწუხაროა, რომ ამის იქით ჩვენი პოლიტიკური კულტურა ვერ წავიდა.
ხშირად გიყვართ სახელოვანი წინაპრების ხსენება. ახსენებთ ნიკო ნიკოლაძეს, ჭავჭავაძეს. სინამდვილეში კი, ის რიტორიკა, რა რიტორიკითაც გამოდიხართ, ნიშნავს იმას, რომ ირჩევთ, არა ნიკო ნიკოლაძის და ილია ჭავჭავაძის გზს, არამედ თენგიზ კიტოვანის და კიდევ ჩემი ერთი მოგვარის", - განაცხადა ლევან იოსელიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსნეებთ რომ დღეს პარლამენტმა, პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, კენჭი უნდა უყაროს.
.