რას მოიცავს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯი - ანგარიში

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, რისთვისაც საქართველოს 9 ნაბიჯის გადადგმა მოუწევს. ეს 9 პირობა ევროკომისიის ანგარიშშია ასახული.

ევროკომისია შეთანხმდა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი დათქმით, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ცხრა მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამს.

  • კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.

ამასთან, არჩევნების თემა ახალი არ არის, თუმცა სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში“ პირველად არის ნახსენები.


უფრო კონკრეტულად დოკუმენტში ვკითხულობთ:

2022 წლის ივნისიდან მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, თორმეტი პრიორიტეტის ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ, კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საბჭომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები:

  • ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და უცხოურ ჩარევასთან ბრძოლა;
  • ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება;
  • პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი გადაჭრა, მათ შორის უფრო ინკლუზიური გზით; მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
  • თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა - განსაკუთრებით 2024 წელს - და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე;
  • საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
  • ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიურ პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;
  • დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
  • ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედია-პროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.

ევროკომისიის 12 პრიორიტეტიდან პირველთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციას ეხება, ევროკომისია აცხადებს, რომ უნდა იყოს თანამშრომლობა, კომპრომისების მიღწევა და ინკლუზიური კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგთან. ევროკომისიის შეფასებით, პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი გადამწყვეტი კანონები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, თუმცა, საერთო ჯამში, შეზღუდული კონსულტაციებით და ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის არასაფუძვლიანი ანალიზით.

„პარლამენტის წევრთა უმეტესობამ დაასრულა პარლამენტის ბოიკოტი და რამდენიმე კანონი მიიღეს მრავალპარტიული მხარდაჭერით. რეგულარული მინისტრებისთვის შეკითხვების დასმა იმართება პარლამენტში, რომლის მიზანია დაიწყოს დისკუსია, განსაკუთრებით ევროკავშირის გზასთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. უხეში რიტორიკის გამოყენება გრძელდება ევროკავშირის მიმართ დეზინფორმაციის ინციდენტებით. უნდა მოხდეს თანამშრომლობა, კომპრომისების მიღწევა და ინკლუზიური კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგთან. ყველა მხარე და დაინტერესებული მხარე უნდა დაეყრდნოს ფართო კონსენსუსს საქართველოს ევროპულ მიმავალ გზაზე, საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის ნების შესაბამისად,“ - აღნიშნულია ანგარიშში.


რაც შეეხება რეკომენდაციას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულად ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის შეფასებით, რეგლამენტში შეტანილმა ცვლილებებმა გააძლიერა საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციები და გამოიწვია მინისტრთა მოსმენების გაზრდა. ამ ზედამხედველობის პრეროგატივების გამოყენება უნდა ამოქმედდეს მათ შორის, საპარლამენტო საგამოძიებო კომიტეტების შექმნისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით „ნდობის ჯგუფში“, რომელიც აკონტროლებს უსაფრთხოების სამსახურებს.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით და მოგვიანებით პრეზიდენტის ვეტოს გაუქმებით მიიღო ცვლილებები საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციონირებაში, რამაც გამოიწვია შეშფოთება ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. 2021 წელს გამოვლენილი ფართომასშტაბიანი მოსმენების ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. საქართველომ უნდა უზრუნველყოს ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე და მისი ძირითადი ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.

საარჩევნო კოდექსი და კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ შეიცვალა ვენეციის კომისიის და „ოდირის“ ზოგიერთ რეკომენდაციასთან და ზოგიერთი ოპოზიციური დეპუტატის მხარდაჭერით. მოგვიანებით პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურის შეცვლით და პრეზიდენტის მიერ ვეტოს უგულებელყოფით. საქართველომ ეს ცვლილებები ვენეციის კომისიას კონსულტაციისთვის გაუგზავნა 2023 წლის სექტემბერში. საქართველომ უნდა გაითვალისწინოს „ოდირისა“ და ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები გასული არჩევნებიდან, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, დაშინების შესახებ და უნდა მოაგვაროს ვენეციის კომისიის მომავალ დასკვნებში წარმოდგენილი რეკომენდაციები დროულად, მომდევნო არჩევნებამდე“, - აღნიშნულია ანგარიშში.


„რაც შეეხება პოლიტიკურ კრიტერიუმებს, ზოგადად, საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციური წყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს საქართველოს გარკვეული დონით მომზადებას შემდგომი დემოკრატიული და კანონის უზენაესობის ხელშემწყობი რეფორმებისთვის. მიუხედავად ამისა, რეფორმის პროცესი უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობით, ღრმა პოლარიზაციით, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული ჩართულობის არარსებობითა და ეროვნული ინტერესების ძირითად საკითხებზე კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებული გამოწვევებით ფერხდება.

პარლამენტი ხელმძღვანელობდა ძალისხმევას კომისიის დასკვნაში გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის გადასაჭრელად და 2022 წლის ივლისში, დასკვნის გამოქვეყნებიდან მალევე, მან შექმნა სამუშაო ჯგუფები აუცილებელი რეფორმების განსახილველად.

პარლამენტში არსებითი მრავალპარტიული მუშაობა შეფერხდა ოპოზიციის შეზღუდული ინკლუზიურობით (მმართველი პარტიის მიერ) კანონმდებლობის შემუშავებისას, ასევე ოპოზიციის ნაწილის მიერ გამოცხადებული ბოიკოტით. მიუხედავად ამისა, იყო მრავალპარტიული თანამშრომლობისა და კენჭისყრების კარგი მაგალითები, მათ შორის ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც მიღებულ იქნა 2022 წლის ნოემბერში საპარლამენტო ზედამხედველობის დონის ზომიერად გაზრდის მიზნით.

„2023 წლის მეორე და მესამე კვარტალში პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი გადამწყვეტი კანონები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საერთო ჯამში, შეზღუდული კონსულტაციებით და ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის არა საფუძვლიანი ანალიზით. იმის გამო, რომ 12 პრიორიტეტზე მუშაობის უმეტესი ნაწილი პარლამენტს დარჩა, რეფორმების პროცესის დაჩქარებისა და კარგი მმართველობის გასაძლიერებლად სამთავრობო ქმედებებმა გამოიწვია შეზღუდული პროგრესი ზოგიერთ რეფორმაზე და გარკვეული პროგრესი ზოგიერთთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ვეტო დაადო რამდენიმე კანონს, რომელიც, მისი შეფასებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ეწინააღმდეგებოდა,“ - ვკითხულობთ ანგარიშში, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს.


ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის დეოლიგარქიზაციის მიმართულებით.

„რაც შეეხება საქართველოს, აქ სრულად ვუსვამთ ხაზს, რომ არსებობს საქართველოს მოქალაქეების ხაზგასმული მისწრაფება, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად. ეს რა თქმა უნდა უფრო მკვეთრად უნდა იყო ასახული ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ, რომლებიც უნდა იცავდნენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ასევე მთავრობამ უნდა მიაღწიოს უფრო მეტ პროგრესს 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით.

ახლა ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ მთავრობამ გადადგა ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯები, მაგალითად დეოლიგარქიზაციის კუთხით გადაიდგა ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, პერსონალური მიდგომა დაინერგა, ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, შესაბამისად კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს,“ - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.


თავის მხრივ, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განმარტა, რომ ახალი გეგმა და გაფართოებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგია კონკრეტულ ნაბიჯებს გულისხმობს. ლაიენის განცხადებით, პირველ რიგში, ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრირება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.

„დღეს არამხოლოდ წარვადგენთ გაფართოებასთან დაკავშირებულ ანგარიშს, რასაც ყოველწლიურად ვაკეთებთ, არამედ ძალიან მნიშვნელოვან პასუხს ვცემთ არსებულ საერთაშორისო ვითარებას და პირველ რიგში, ეს გაფართოების პოლიტიკას და პროცესის დაჩქარებას გულისხმობს.

თქვენ ხედავთ, რა რეკომენდაციებს ვიძლევით, ეს, ასევე, იმის დემონსტრირებაა, რომ არსებობს პროგრესი ყველა ამ ქვეყანაში და წარსულში არასდროს გვინახავს ევროკავშირის წევრობა ასეთი მნიშვნელოვანი ასპექტი ყოფილიყო იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ევროკავშირის გარშემო მდებარეობენ.


ასევე, მინდა ხაზი გავუსვა სხვა ასპექტებსაც, ეს არის სპეციალური ჩარჩო-შეთანხმება, რომელიც ბალკანეთის ქვეყნებისათვის შეიქმნა, რომელიც აბსოლუტურად თანამედროვე, ახლებური მიდგომაა ეკონომიკური და სოციალური პროგრესის გასაღრმავებლად ბალკანეთის ქვეყნებში, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ახალი შესაძლებლობის შექმნის კუთხითაც სხვა ქვეყნებისთვის.


ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ინსტიტუციურ ნაწილზე ჩვენი საქმიანობისა, როცა ანგარიშებს განვიხილავთ, მაგრამ ახლა მოდით, რეალურ ინტეგრაციაზე გავაკეთოთ აქცენტი - რეალური ინტეგრაცია ამ შემთხვევაში იმას გულისხმობს, თუ როგორ უნდა დავაჩქაროთ ჩვენი ეკონომიკის, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნების ერთმანეთთან ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებთან ერთად. ეს არის რეალური სარგებელი ორივე მხარისათვის და ამან უნდა მოუტანოს სარგებელი წევრებს გაწევრიანებამდეც კი, ეს არის ასევე თხოვნა, რომელიც მოდის წევრი სახელმწიფოებისაგან და ეს იყო თავდაპირველად ჩვენი გეგმა, როცა 2021 წელს დავიწყეთ ამ ყველაფერზე მუშაობა და ახალი მეთოდოლოგია შევიმუშავეთ გაფართოებისათვის.

გეგმა მიზნად ისახავს 4 კონკრეტულ ნაბიჯს, პირველ რიგში, უნდა მოხდეს ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრირება, რაც შეიძლება სწრაფად და რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს რეგულაციებს და კანონებს ეხება. ეს სარგებელს მოგვიტანს ორივე მხარეს და ამან სარგებელი უნდა მოუტანოს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება. როგორც აღვნიშნე, ჩვენი გეგმა იყო ეს ყველაფერი 2021 წელს, ჯერ კიდევ, როცა გაფართოების გეგმაზე და მეთოდოლოგიაზე დავიწყეთ მუშაობა“, - განაცხადა ვარჰეიმ.


 რას მოიცავს 4 ასპექტი.

„როგორც ვთქვი, აუცილებელია ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრირება დავაჩქაროთ, რათა მათ ყველა ვალდებულება აიღონ ჩვენი რეგულაციების შესაბამისად და შეგვიძლია მათ მივაწოდოთ ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც მათ სჭირდებათ, ამან, ასევე, წვლილი უნდა შეიტანოს რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ მათ, ერთმანეთს ისე მოექცნენ, როგორც ჩვენ მოგვექცეოდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტეგრაციის შემდეგ, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სხვა პარტნიორებთან ანალოგიურად უნდა ითანამშრომლონ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორ ქვეყნებს დავეხმაროთ ინტეგრირების პროცესში, რადგან ინტეგრაცია რთულ კომპლექსურ რეფორმებს მოიცავს, რომელიც საბოლოო ჯამში სარგებელს მოუტანს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.

სწორედ ამიტომ გვსურს, ჩავერთოთ მათთან ერთად აღნიშნულ პროცესში და დეტალური გეგმა შევიმუშაოთ ყოველწლიურად, რომელზე დაყრდნობითაც შევძლებთ ადგილზე პროგრესის დაჩქარებას, როცა საქმე რეფორმებს ეხება, ეს ასევე მოიცავს ფუნდამენტურ მიმართულებებს, როგორიცაა, კანონის უზენაესობა, დემოკრატია, რადგან სწორედ ეს არის მთავარი პირობები ამ პროცესისა.

ჩვენ გვჯერა, რომ ამ გეგმაზე დაყრდნობით შევძლებთ გავაერთიანოთ რეგიონი და შევძლებთ იმას, რომ რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტი საგრძნობლად გაიზრდება, ეს არის ის წინსვლა, რომელიც მათ სჭირდებათ და ასევე, წინსვლა, რომელიც ჩვენც გვჭირდება,“ - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.