ოლივერ ვარჰეი თამაზ გინტურის მკვლელობაზე: უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რათა დამნაშავეები გამოვლინდნენ

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ დადგინდეს დამნაშავეების ვინაობა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მთავრობას,“ - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მან საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტი „შემაშფოთებელია“.

„ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რასაც ადგილი ჰქონდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი ინფორმაციაა, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო ხელისუფლება აკონტროლებს, ამგვარი ინციდენტი მოხდა. უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ დადგინდეს დამნაშავეების ვინაობა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მთავრობას,“ - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.


ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.

„არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა.“ ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების განმავლობაში. ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, მის განცხადებებს რომ ვითომ არის ერთსულოვანი და ჩვენი მეგობარი,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.


შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა.

ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“