ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ანდრიუს კუბილიუსი, პესტრა აუსტრევიჩუსი, ანა ფოტიგა, მიხაილ გალერი, მარკეტა გრეგორევა, რასა იუკნევიჩიენე მიესალმებიან ევროკომისიის რეკომენდაციას, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.
ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ევროპაა და ქართველები არიან ევროპელები.
„საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკომისიის გაფართოების შესახებ წლიურმა ანგარიშმა. ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს კომისიის რეკომენდაციას, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს დათქმებით.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა ნება, შეესრულებინა ევროკომისიის თორმეტი რეკომენდაცია და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში ყოფილიყო ევროკავშირის საგარეო კურსთან, ქართველი ხალხის, ცალკეული ქართველი პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის ,პრეზიდენტის და სამოქალაქო საზოგადოების ბევრი წარმომადგენლის ნება აღმოჩნდა უფრო ძლიერი, მათი ევროპელობა კი უფრო მდგრადი. მათ და მხოლოდ მათ დაიმსახურეს ეს ისტორიული მიღწევა,” წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.