საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია - აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია.

„კარგი ახალი ამბები, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს და ასევე საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია,“ – ნათქვამია განცხადებაში.


8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.

ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.


23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.