მოსკოვი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ჩვეული რიტორიკით საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში რუსეთის დადანაშაულება პოლიტიზირებულია.

„გაკვირვებული ვართ ევროკავშირის ამ პოზიციით, იქ ყურადღებას არ აქცევენ აშკარა ფაქტებსა და ოსური მხარის ფართო განმარტებებს. ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ ბრიუსელში აპელაციის გარეშე ცდილობენ მომხდარისთვის პასუხისმგებლობა რუსეთზე გადმოიტანონ. ეს პოლიტიზირებული, ცალმხრივი, შეფასებები ყალბია. ეს ყველაფერი ევროკავშირის ღია მიკერძოებულობასა და ანგაჟირებულობაზე მეტყველებს,” - განაცხადა ზახაროვამ.


რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე განცხადება გამოაქვეყნა რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო „კაგებე"-მ. ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ სასაზღვრო პატრულმა ავტომანქანაში „საზღვრის" ორი დამრღვევი აღმოაჩინა.

„დაკავების მცდელობისას მათ წინააღმდეგობა გასწიეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დამნაშავეებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით მათ სცადეს მანქანით გადაევლოთ მესაზღვრისთვის და შემდეგ საქართველოში გამგზავრებულიყვნენ,“ - ნათქვამია ე.წ. კაგებე-ს განცხადებაში.


დე ფაქტო ვერსიის თანახმად: „ამ უკანონო ქმედებების ჩასახშობად და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გაფრთხილების მიზნით ისროლეს და კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის შემდეგ, ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანის საბურავებს." ამავე ცნობით, სროლის შედეგად, ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაიჭრა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ქართულ მხარეს გადაიყვანეს, მეორე კი, დააკავეს.


ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.

„არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა.“ ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების განმავლობაში. ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, მის განცხადებებს რომ ვითომ არის ერთსულოვანი და ჩვენი მეგობარი,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.


შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა.

ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“

განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო პარტნიორებმა. მკვლელობა დაგმეს ევროკავშირმა და აშშ-მ.