იან კელი: საქართველო გზაჯვარედინზეა. ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც დასავლური ქვეყნების თანამეგობრობის წევრობა სურს, ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია

"ვფიქრობ, მნიშნველოვანია, ამერიკამ, ევროკავშირმა და დასავლეთმა ზოგადად, დადებითი როლი ვითამაშოთ დაძაბულობის შემცირების მცდელობაში, მოვუწოდოთ მხარეებს მოლაპარაკებისკენ წინაპირობების გარეშე. ამ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა გამოინახოს. სტატუს კვო, ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნისთვის, რომელიც დასავლური ქვეყნების თანამეგობრობის წევრობა სურს", - განაცხადა ამერიკის შეერთებბული შტატების ყოფილმა ელჩმა იან კელიმ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

მისი თქმით, ერთპარტიული პარლამენტი და მიმდინარე ქაოსი საქართველოს საერთაშორისო იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს.

'საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდები და ის, რაც გუშინ მოხდა კვირების განმავლობაში მიმდინარე პოლარიზაციის და დიალოგის ნაკლებობის შედეგია მთავრობასა და ოპოზიციას შორის. ორივე მხარემ უნდა შეაფასოს პრიორიტეტები. პრიორიტეტი მრავალპარტიული პარლამენტის ქონაა. არ შეიძლება გარიყო ქვეყანაში ამომრჩევლის, დაახლოებით, 45 პროცენტი და გქონდეს პარლამენტი, სადაც ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილი არ არის. ყველამ ამაზე უნდა გააკეთოს ფოკუსი", - აცხადებს იან კელი.

დიპლომატის განცხადებით, მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან მათ აქვთ შესაბამისი რესურსი. მისი აზრით, ერთპარტიული პოლიტიკა არასტაბილურია. თუ ქვეყანაში ასეთი ქაოსი, ერთპარტიული სისტემა გაგრძელდება დასავლეთის ქვეყნები შეეცდებიან საქართველო და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები ჩამოწერონ.

იან კელი მთავრობასა და ოპოზიციას მოუწოდეს, შეწყვიტონ რიტორიკა, რომელიც ორივე მხარეს ძალიან მწვავეა, დასხდნენ და მონახონ გამოსავალი.

"მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. ეს იმის გამო, რომ მთავრობას აქვს ძალაუფლება და რესურსი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნას მოჰყვება. სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ ქართველების მიერ ერთპარტიული სიტუაციის გადაჭრა ქვეყნის პრიორიტეტია. შედეგებს რაც შეეხება - ისინი სავალალოა, შედეგები ძალიან მძიმეა. პირველ რიგში, ერთპარტიული პოლიტიკა უკიდურესად არასტაბილურია. ამასთან, ჩრდილოეთით გყავთ მტრულად განწყობილი ქვეყანა, რომელიც ცდილობს, რომ თქვენი მთავრობა კიდევ უფრო არასტაბილურად აქციოს. ქართველებმა ეს რუსეთისთვის თვითონ არ უნდა გააკეთონ. მეორე საკითხი კი ისაა, რომ ძალიან ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ დასავლეთში ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც მოხარული იქნება საქართველო და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები ჩამოწერონ. თუ ქვეყანაში ასეთი ქაოსი, ერთპარტიული სისტემა გაგრძელდება, ეს ყველაფერი მათ საბაბს მისცემს იმისთვის, რომ საქართველო ასე ვთქვათ, ჩამოწერონ. შედეგები ყველასთვის ძალიან დიდია. როგორც მთავრობამ, ასევე ოპოზიციამ ტემპერატურა უნდა დაწიოს, შეწყვიტონ რიტორიკა, რომელიც ორივე მხარეს ძალიან მწვავეა, დასხდნენ და მონახონ გამოსავალი., - აღნიშნა კელმა.

"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, იან კელი პრემიერ-მინისტრის შეცვლის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ქვეყანას შუძლია ან გააგრძელოს მრავალპარტიული, პლურალისტური დემოკრატია, ან დაადგეს იმ არათავისუფალი ქვეყნების გზას, რომლებიც საქართველოს ჰყავს გარშემო.

"თუ ახალი ადამიანი მოდის სათავეში, ეს შესაძლებლობას ხსნის, რომ ფურცელი ახალ და სუფთა გვერდზე გადაიშალოს. მაგრამ ვისურვებდი მთავრობისგან ამის სიგნალი დავინახო, რომ ისინი მზად არიან ეს პრიორიტეტულ თემად აქციონ, კონფრონტაციას თავი აარიდონ, ოპოზიციას ხელი გაუწოდონ და ეს თავის მხრივ ოპოზიციამაც გააკეთოს იგივე რიტორიკის სიმწვავის და ტემპერატურის შემცირებით. საქართველო გზაჯვარედინზეა. ქვეყანას შუძლია ან გააგრძელოს მრავალპარტიული, პლურალისტური დემოკრატია, ან დაადგეს იმ არათავისუფალი ქვეყნების გზას, რომლებიც საქართველოს ჰყავს გარშემო", - ამბობს იან კელი.

აშშ-ის ყოფილი ელჩი აშშ-საქართველოს მომავალ ურთიერთობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, მომავალ ურთიერთობაში ორი მხარეა, კარგი და ცუდი.

"კარგი ის არის, რომ ჩემი აზრით, ამერიკაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ტრანსატლანტიკური ერთობის ყველაზე აქტიურად მხარდამჭერი ადმინისტრაცია გვყავს. პრეზიდენტიც და სახელმწფო მდივანიც აცხადებენ, რომ ნატოსთან გაღრმავებული და გაუმჯობესებული ურთიერთობა სურთ. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თავად განაცხაადა, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს და რომ ამით საქართველო უფრო მეტად დაცული იქნება. ანუ, ეს კარგი ამბავია.

საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ნამდვილი პარტნიორები ჰყავს, რომლებსაც მისთვის ყველაფერი საუკეთესო სურთ. ცუდი ამბავი ისაა, რომ ეს კრიზისი ისეთ დროს ემთხვევა, როცა ახალი ადმინისტრაციის ყურადღება ერთის მხრივ გაფანტულია და მეორეს მხრივ პოლიტიკის გადახედვის პროცესშია. ისინი საქართველოსთან ურთიერთობას ახლავე არ გადახედავენ, რადგან გაცილებით დიდი საკითხები აქვთ გადასახედი. მაგრამ როცა აქამდე მივლენ, იმედი მაქვს, ისევ საქართველოსთვის, რომ ქვეყანა მრავალპარტიული და პლურალისტური დემოკრატიისადმი ერთგულების გზაზე იდგება", - თქვა ყოფილმა ელჩმა.