დე ფაქტო “უშიშროების კომიტეტის“ ცნობით, გატაცებულ ლევან დოთიაშვილს 9 ნოემბერს გაათავისუფლებენ

6 ნოემბერს ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე ლევან დოთიაშვილი ქართულ მხარეს შესაძლოა, დღეს გადასცენ.

ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “უსაფრთხოების სამსახური“ იუწყება.


ე.წ. უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, საქართველოს მოქალაქეების ჯგუფმა „დაარღვია სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი, გაუწია მესაზღვრეებს წინააღმდეგობა, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას."

მათივე მტკიცებით, „იმის გათვალისწინებით, რომ მომხდარზე გამოძიება ოპერატიულად და სრულად ჩატარდა, ასევე ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება დოთიაშვილის საქართველოში დეპორტაციის შესახებ.“

განცხადებასთან ერთად, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გამოაქვეყნა ლევან დოთიაშვილის ჩვენების ვიდეო, რომელშიც ის ჰყვება ტაძართან მისვლისა და კარის გაღების შესახებ, თუმცა ვიდეოში არ არის თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ საუბარი.


ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.

„არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა.“ ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების განმავლობაში. ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, მის განცხადებებს რომ ვითომ არის ერთსულოვანი და ჩვენი მეგობარი,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.


შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა.

ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“

განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო პარტნიორებმა. მკვლელობა დაგმეს ევროკავშირმა და აშშ-მ.