უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზღვაო ძალების ორ სადესანტო ხომალდს დაარტყა - დაზვერვა

პარასკევს გამთენიისას, უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზღვაო ძალების ორ სადესანტო ხომალდს დაარტყა. შესაბამისი ინფორმაცია სააგენტო Ukrinform-ს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში დაუდასტურეს.

მისივე თანახმად, ორივე ხომალდზე იერიში სოფელ ჩერნომორსკოესთან მიიტანეს. 9 ნოემბრის ღამეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებები იყო.


უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ სევასტოპოლს, რომლის წყლებშიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტია განთავსებული, რაკეტებით უტევენ. უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ ამის მიზანია ფლოტის სრული განადგურება ან სულ მცირე მათი მეთაურების იძულება, გადააადგილონ გემები, რომლებიდანაც უკრაინის ტერიტორიები ფრთოსანი რაკეტებით იბომბება.


სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმამ სექტემბერში მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ასევე, უკრაინის თავდასხმების შედეგად დაზიანდა გემები და საბრძოლო მასალის საწყობები, წყობიდან გამოვიდა საჰაერო თავდაცვის საშუალებები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სევასტოპოლის მიმართულებით გაშვებულ ყველა რაკეტას წარმატებით ანადგურებენ.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.