რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კირბალში უკანონოდ დაკავებულმა, ლევან დოთიაშვილმა, სოფელ კირბალთან 6 ნოემბერს მომხდარი გაიხსენა. მისი თქმით, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს მიჰყავდა, გზაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„დამიზნებით გვესროდნენ მანქანიდან, ჯერ საბურავები და შემდეგ გამიზნული სროლა იყო. ჩვენ მანქანაში ვისხედით, შეიძლება, დაგვიძახა, რომ არ წახვიდეთო, ყოველ შემთხვევაში არ გაგვიგია და სროლა-სროლით მოგვსდევდა. ბევრი გაისროლა. მე თავად ვნახე ნატყვიარები. [თამაზ გინტურს] ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი. ერთი თქვა „დამჭრაო.“
გადავედი მანქანიდან, გადმოვიყვანე. ამ დროს, დანარჩენი რუსი ჯარისკაცები ამოვიდნენ და მე წამიყვანეს ტყის მიმართულებით. ვინ ისროლა დავინახე, მაგრამ ცნობით არ ვიცნობ. სროლის შემდეგ, 7 ჯარისკაცი 5-6 წუთის მერე ამოვიდა. თამაზი რომ მანქანიდან გადმოვიყვანე, სასწრაფოში რომ დავრეკე, ყველას რომ გავაგებინე, 7 კაცი მოვიდა და წამიყვანეს. ჩვენ უკან პირდაპირ სროლით მოდიოდა, სათამაშოდ რომ არ მოდიოდა, რა თქმა უნდა ხომ? გზაში იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც. ერთი კონკრეტული ადამიანი მირტყამდა. ყველა იყო იარაღით, ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე,“ - განაცხადა ლევან დოთიაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კირბალში უკანონოდ დაკავებულ ლევან დოთიაშვილს სახის არეში დაზიანება აღენიშნება.
ირაკლი ანთაძის განცხადებით, ლევან დოთიაშვილმა განმარტა, რომ მას დაზიანებები უკანონო დაკავების დროს მიაყენეს, ხოლო უშუალოდ, ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.
ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს.
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.
შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“
განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო პარტნიორებმა. მკვლელობა დაგმეს ევროკავშირმა და აშშ-მ.